logo
ENG



"პატივისცემით, საქართველოდან" - წარწერა ჭურვზე და უცნობი პირის "შურისძიება" რუსეთის მიმართ

30 აგვ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/ugad3rzk4ihvvu8.jpg
ფოტო: ფორმულა

"პატივისცემით, საქართველოდან" - ამ წარწერით ჭურვი უცნობმა ადამიანმა საქართველოდან უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ გამოსაყენებლად გაუგზავნა. 

უფრო კონკრეტულად, გადარიცხა, სულ მცირე, $500 უკრაინული ფინანსური მხარდაჭერის მოძიების ორგანიზაციაში და გაგზავნა წარწერა, რომელიც უნდოდა, რომ უკრაინელებს ჭურვზე დაეტანათ

ეს, სავარაუდოდ, რუსების პირველი ასეთი "მოკითხვაა" საქართველოდან. 

მოხალისეების მიერ შექმნილ პროექტს Your Revenge For - შენი შურისძიება ჰქვია. 

თანხა უკრაინის არმიისთვის გროვდება. გადასარიცხი ფულის მინიმალური რაოდენობა $500-ია. 

წესებიჭურვზე დასატანად შეგიძლიათ, გაგზავნოთ ტექსტები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის სისხლიან ქმედებებს, შეგიძლიათ, სხვა ადამიანებს გაუგზავნოთ სურვილები, შეგიძლიათ, დაბადების დღეც მიულოცოთ. დასაშვებია ნებისმიერი ტექსტი არააკრძალულ თემაზე. 

აკრძალულია პრორუსული, რუსეთის ქმედებების გამამართლებელი ტექსტები, სიძულვილის ენა უკრაინის ან მისი მოკავშირეების, ასევე, ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, დაუშვებელია რასობრივი დისკრიმინაცია. აკრძალვა არ ეხება შემთხვევას, როცა მსგავსი ტექსტები ეხებათ "მოღალატეებს", "რუსული სამყაროს" მიმდევრებს და მათ, ვინც ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლებას, დემოკრატიას და თავისუფალი არჩევანის მხარდაჭერას ებრძოდა. 

გადარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუ გაგზავნილი ტექსტი წესებს ეწინააღმდეგება, ფული უკრაინის არმიას გადაერიცხება, თუმცა, წარწერის შესახებ მოთხოვნა არ შესრულდება. 

"რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს შურისძიებას მსოფლიოს მხრიდან. რა არის თქვენი შურისძიების მოტივი? ადამიანების დანგრეული ცხოვრება და დამსხვრეულილ ოცნებები? ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაცია და ჩახშობილი რევოლუციები? შიმშილი და გლობალური, ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფები? დაეხმარეთ უკრაინელ ჯარისკაცებს, დაისაჯოს რუსეთი ყველაფრისთვის". - წერია "შენი შურისძიების" ვებ გვერდზე. 


close დახურვა